ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესი
ზოგადი დებულებები
ზოგადი დებულებები
- შპს „თი- ბი- ეი თეგეტა“ (შემდგომში - „კომპანია“) ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესის (შემდგომში - „წესი“) შემუშავების მიზანს წარმოადგენს კომპანიის მომხმარებლებთან უკუკავშირის დამყარება, ერთგული მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შეთავაზება, კომპანიის გაყიდვების ზრდის სტიმულირება, მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლება და მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაცია;
- წესი ითვალისწინებს „ქეშბექის“კატეგორიების მიხედვით კომპანიის ლოიალობის ბარათის (შემდგომში - „ბარათი“) გაცემის, „ქეშბექის“კატეგორიების ცვლილების, ბარათის სარგებლობის წესებსა და პირობებს;
- შპს „თი- ბი- ეი თეგეტა“-ს ლოიოლობის ბარათი მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღოს ქეშბექი კომპანიაში მის მიერ შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულების შესაბამისად;
- „კომპანიის“ ლოიალობის ბარათი გადაეცემა კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირი და რომელსაც „კომპანიასთან“ გაფორმებული აქვს გენერალური შეთანხმება.
- ბარათის მომხმარებლისთვის გადაცემა ითვალისწინებს მომხმარებლისთვის შემდეგი უფლებამოსილების მინიჭებას:
- წინამდებარე წესის 4 პუნქტში განსაზღვრული მომხმარებლის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ გამოცხადებულ აქციებში და აღნიშნული აქციების ფარგლებში მიიღოს საქონელი ან/და მომსახურება;
- კომპანიაში საქონლის შეძენის ან/და მომსახურების მიღების დროს ბარათზე დარიცხული „ქეშბექი“ გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ;
- ბარათზე დარიცხული „ქეშბექით“ შეიძინოს/მიიღოს კომპანიის მიერ განსაზღვრული საქონელი ან/და მომსახურება.
- ამ წესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, სადაც მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი და დოკუმენტის მოქმედების ვადა; სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი ან/და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „კომპანიაში" ბარათთან ერთად წარმოადგინოს პასპორტი და საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა.
- კომპანიის საქონლის/მომსახურების ჩამონათვალს, რაზეც შესაძლებელია გავრცელდეს ბარათის პირობები, ამტკიცებს კომპანიის დირექტორი.
ქეშბექის კატეგორიები
- ლოიალობის ბარათი მომხმარებელს გადაეცემა კომპანიაში ვიზიტისას გენერალური შეთანხმების გაფორმებისთანავე ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში.
- ლოიალობის ბარათის გაცემის/რეგისტრაციის დროს მოხდება მომხმარებლის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიაში შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულების დადგენა და აღნიშნულის მიხედვით „ქეშბექის“ პროცენტულობის განსაზღვრა, შემდეგნაირად:
- 0 – 499,99 ლარი - 1%;
- 500 – 999,99 ლარი – 5%;
- 1000 – 1999,99 ლარი – 7%;
- 2000 ლარი და მეტი - 10%.
3. თითოეულ ბარათს მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი.
მომხმარებლის რეგისტრაცია
1.მომხმარებლის რეგისტრაციის დროს კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში (SAP) მითითებულ უნდა იქნას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, კერძოდ, მომხმარებლის:
- სახელი, გვარი;
- პირადი ნომერი;
- დაბადების თარიღი;
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
- ელ. ფოსტის მისამართი;
- მისამართი;
- ბარათის ნომერი.
- მომხმარებლის რეგისტრაციის დროს, მომხმარებელსა და კომპანიას შორის ფორმდება გენერალური შეთანხმება.
- მომხმარებელისთვის ბარათის გაცემა არის ნებაყოფლობითი.
- ბარათის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ბარათის მფლობელს.
- მომხმარებელს არ შეუძლია სხვა პირის ბარათის გამოყენება.
- მომხმარებელს ბარათს გადასცემს კომპანიის ნებისმიერი სერვისის მრჩეველი ან ნაწილების კონსულტანტი ან გაყიდვების მრჩეველი.
ბარათის კატეგორიების ცვლილება
- საქონლის/მომსახურების შეძენისას კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში დარეგისტრირებულ პირზე ქეშბექი გროვდება ავტომატურად, წინამდებარე წესის მიხედვით.
- ბარათის მფლობელ მომხმარებელს, კომპანიის მიერ განსაზღვრული საქონლის/მომსახურების შეძენისას, წინამდებარე წესის მიხედვით უგროვდება დახარჯული თანხის შესაბამისი „ქეშბექი“;
- კომპანიის ლოიალობის ბარათზე ქეშბექის პროცენტის განახლება, გაზრდის მიზნით მოხდება მომხმარებლის მიერ კომპანიაში საქონლის ან/და მომსახურების შეძენის განხორციელებისას მის მიერ დახარჯული თანხის ოდენობისა და წინამდებარე წესით დადგენილი პირობების შესაბამისად;
- ქეშბექის პროცენტულობის ცვლილების შემთხვევაში, არ უქმდება მომხმარებლის მიერ დაგროვებული ქეშბექი.
- ქეშბექის კატეგორიის ცვლილების შემთხვევაში ან/და ბარათის გაუქმების დროს, მომხმარებელი არ არის ვალდებული, დაუბრუნოს კომპანიას გადაცემული ბარათი.
ქეშბექის დაგროვება
- ბარათზე ქეშბექის დაგროვება ხორციელდება კომპანიის საქონლისა ან/და მომსახურების შეძენის დროს დახარჯული თანხის და ქეშბექის კატეგორიის შესაბამისად.
- მომხმარებლის მიერ ბარათზე დაგროვებული „ქეშბექი“ პროგრამაში აისახება პირობითი ერთეულის, კერძოდ ქულების (შემდგომში - ქულები) სახით. მომხმარებლის მიერ ბარათზე დაგროვებული 1 ქულის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.
- დაგროვებული ქულების (ქეშბექის) შესაბამისად, მომხმარებელს უფლება ექნება შეიძინოს კომპანიის მიერ განსაზღვრული საქონელი ან/და მომსახურება.
- თუ მომხმარებელს დაკარგული აქვს ბარათი მას ქეშბექის გამოყენება შეუძლია ამ წესით განსაზღვრული პიროვნების მაინდენტიფიცირებელი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე.
- ბარათზე დაგროვებული ქულებით საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს კოდს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, იმ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე, რაც არის დაფიქსირებული კომპანიის ელექტრონულ სისტემაში.
- ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია კომპანიის დირექტორის მიერ დადგენილ ვადაში.
- ბარათზე დაგროვებული ქულებით საქონლის ან/და მომსახურების შეძენის დროს, მომხმარებელს უფლება აქვს დაგროვებულ ქულას დაამატოს თანხა.
- ქულების სახით დაგროვებული თანხის დაბრუნება/გაცემა არცერთ შემთხვევაში არ ხორციელდება ფულადი ერთეულის გაცემის მეშვეობით.
ბარათის გაუქმება
- ბარათის დაბლოკვას/გაუქმებას ახორციელებს კომპანიის ბუღალტერიის დეპარტამენტი.
- ბარათი ექვემდებარება გაუქმებას იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში გაყიდვების საცალო არხიდან გადაინაცვლებს სხვა ნებისმიერ გაყიდვების არხში.
- ბარათი ექვემდებარება კომპანიის მიერ ცალმხრივად გაუქმებას, თუ მომხმარებელი შემჩნეული იქნება ბარათის გამოყენების თაღლითურ ქმედებაში ან იარსებებს მის მიმართ თაღლითური ქმედების გონივრული ეჭვი. მომხმარებლის მიერ განხორციელებული თაღლითური ქმედება შესაბამისი პირის მიერ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული.
- ბარათის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ბარათის აღდგენა, მომხმარებლის მიერ, წინამდებარე წესის 1.6. პუნქტით განსაზღვრული პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში უქმდება მომხმარებლის სახელზე რეგისტრირებული დაკარგული/დაზიანებული ბარათის კოდი და მომხმარებელს გადაეცემა ახალი ბარათი.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაკარგავს ბარათს ან ექნება ეჭვი, რომ მის ბარათს გამოიყენებს სხვა პირი მისი ნების საწინააღმდეგოდ, მომხმარებელი უფლებამოსილია სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მოითხოვოს ბარათის დროებით დაბლოკვა. დაბლოკვის შემთხვევაში, ბარათის მოქმედების აღდგენა მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ კომპანიაში მისვლის შემთხვევაში.